ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ახალი სტრატეგია დაამტკიცა.
ბანკი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო რეფორმების წინსვლისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად, EBRD-ის ახალი სტრატეგია კი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა Covid-19-ის პანდემიით, მის აღდგენასა და შემდგომ განვითარებაში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ახალი სტრატეგიის სამი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა.
1. ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება
EBRD მზადაა დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, რომ გაზარდონ მათი პროდუქტიულობა და მდგრადობა. ამასთან, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით გაზარდონ კონკურენტუნარიანობა. მაგალითად, გაციფრულების ინვესტიციების გზით. ბანკი ასევე გააგრძელებს მუშაობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაღრმავების მიზნით, რათა კომპანიებს მიაწოდოს დაფინანსების უფრო ფართო არჩევანი.
2. ინკლუზიისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა
ბანკი გააძლიერებს ძალისხმევას უნარების განვითარების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სხვა ჯგუფებისთვის, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რადგან EBRD-ის მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ფინანსური და აუცილებელი მუნიციპალური სერვისების უკეთესი ხელმისაწვდომობაა.
3. საქართველოს მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა
EBRD კარგადაა პოზიციონირებული და განაგრძობს დახმარებას საქართველოს მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციის დაჩქარებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის ინიციატივების მხარდაჭერაში. EBRD-ის მწვანე ეკონომიკის ცვლილების მიმართულებით ძლიერ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბანკი გააერთიანებს განახლებად ენერგიებში ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის ენერგიისა და რესურსების ეფექტურობის გაზრდას და გააგრძელებს მწვანე ქალაქების ჩარჩოს გაფართოებას.
შეგახსენებთ, რომ EBRD არის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოში. მას შემდეგ, რაც ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება ქვეყანაში, განახორციელა €4.53 მლრდ–ზე მეტი ინვესტიცია 269 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 78% პროცენტი კი კერძო სექტორშია.