ჩვენ ვაგრძელებთ HR მენეჯერებისთვის საინტერესო ამბებზე წერას. ამჯერად, გუდვილზე გიამბობთ, რომელსაც ძალიან კარგი სიახლე აქვს.
კომპანია „წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ ჯილდოს მფლობელი გახდა. ამის შესახებ ხათუნა ჩხარტიშვილს, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
HR hub: რა კრიტერიუმით გამოვლინდა გამარჯვებული ,,წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ კატეგორიაში?
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ძალიან საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიისთვის, რადგან „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” კონკურსის მიზანია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. კონკურსი წარმოაჩენს დარგის წარმატებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის საუკეთესო სტუდენტს, მასწავლებელს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნეს პარტნიორს.
რაც შეეხეება კომპანია გუდვილის ჯილდოს „წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი“ ამ კატეგორიაში გამარჯვებისთვის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს და დაამტკიცოს ბიზნესის მხრიდან პროფესიული განათლების დაწესებულებებთან მჭიდრო პარტნიორობა და განხორციელებული ინვესტიცია. წლის ბიზნეს პარტნიორის კატეგორიაში ძირითადი კრიტერიუმებია, თუ რა შედეგი გამოიღო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობამ, რამდენად სთავაზობს კომპანია სტუდენტებს სტაჟირების, ან სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიწოდებას და როგორ ზრუნავს საკუთარი დასაქმებულების შესაძლებლობების განვითარებაზე.
HR hub: რა სახის თანამშრომლობას სთავაზობთ პროფესიულ სასწავლებლებს?
გუდვილის სასწავლო ცენტრი 2012 წლიდან აქტიურად ჩაერთო პროფესიულ სწავლებაში. პირველად როგორც პრაქტიკის განმახორციელებელი საწარმო, ხოლო 2016 წლიდან როგორც პროფესიული განათლების ერთ-ერთი განმახორციელებელი. ერთობლივი მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, დუალური სადიპლომო პროგრამები, სტაჟირება, საწარმოო პრაქტიკა ეს ის მოკლე ჩამონათვალია რაშიც ჩართულია ჩვენი სასწავლო ცენტრი, როგორც მატერიალურ ტექნიკური ბაზით ასევე ადამიანური რესურსით. ამ ჩართულობის შედეგია 800 მომზადებული სტუდენტი (როგორც სადიპლომო ასევე მომზადება გადამზადების პროგრამებით), ასობით დასაქმებული პროფესიული კვალიფიკაციით, ათობით პროფესიული პედაგოგი, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამების განვითარებაში და სტუდენტების დასაქმებაში.
HR hub: ძირითადად თბილისში არსებულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობთ თუ რეგიონებშიც?
ჯამში გუდვილის სასწავლო ცენტრს ჰყავს 15 პარტნიორი პროფესიული სასწავლებელი როგორც თბილისში ასევე რეგიონშიც, კონკრეტულად ბათუმსა და ქობულეთში.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუდვილის სასწავლო ცენტრის აქტიური პარტნიორია კოლეჯი „იკაროსი“, რადგან ჩვენი პროგრამებისა და გადამზადებული სტუდენტების უმეტესი ნაწილი კოლეჯ იკაროსთან პარტნიორობას უკავშირდება. ერთად შემუშავებული მომზადება გადამზადების სასწავლო პროგრამა, სადიპლომო პროგრამები, გადამზადებული პედაგოგები, რომლებიც თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს არის შედეგი სწორი და მიზნობრივი თანამშრომლობისა.
HR hub: კონკრეტულად რა მიმართულებებს მოიცავს თქვენი სასწავლო პროგრამა რომელსაც პროფესიულ სასწავლებლებში ახორციელებთ?
სასწავლო პროგრამები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით:
- საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება
- ხორცის დამუშვება და ხორცპროდუქტების მომზადების ტექნოლოგია
- კერძების მომზადების ტექნოლოგია
- ტორტების მომზადება და დეკორი
- საწყობის ლოგისტიკის ოპერატორი
- საფინანსო სერვისები
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან მიმდინარე პროგრამებიდან 5 პროგრამა კოლეჯ „იკაროსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
ვფიქრობთ კიდევ დავამატოთ მოთხოვნადი მიმართულებები, რადგან აუცილებელია ყველა პროგრამის შემუშავების დროს გათვალისწინებული იყოს ის გამოწვევები რაც აქვს შრომის ბაზარს. რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სტუდენტმა მაქსიმალურად გამოიყენოს მიღებული ცოდნა და მარტივად დასაქმდეს.
HR hub: როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი წარმატების ფაქტორი?
სოციალური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენი მიზანია არა მარტო შიდა რესურსის განვითარება და სერტიფიცირება, არამედ მაქსიმალურად ჩართვა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროცესში. მართალია, კერძო სექტორს წარმოვადგენთ, მაგრამ ჩვენ ის კომპანია ვართ, რომელმაც საკუთარი თავი პროფესიულ განათლებაში იპოვა. ჩვენი მიზანი პროფესიულ სასწავლებლებთან თანხვედრაში მოვიდა და სრულიად გააზრებული გვაქვს ის, რომ თუ არა პროფესიულ განათლებაში ჩვენი სწორი და მიზნობრივი ჩართვა, ძლიერი ბიზნესი ვერ გვექნება. რადგან კომპანიის სიძლიერის საფუძველი თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანებია. ისინი ქმნიან კომპანიის სახეს, იმიჯსა და ხარისხს.
HR hub: სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?
ჯილდოს მიღების ემოცია დღემდე მოგვყვება. ის ერთგვარი მოტივატორია და უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაძლევს არ გავჩერდეთ მიღწეულ შედეგზე, სულ უფრო და უფრო წინ წავიდეთ, მეტად ჩავერთოთ პროფესიული განათლების განვითარების პროცესებში. რადგან ვფირობთ ეს საერთო საქმეა, რომელიც კომპანიებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.