უახლოეს მომავალში შესაძლოა, სტრიმინგი მომგებიანი ბიზნესი აღარ იყოს – ვარაუდობს უოლ სტრიტი.
ვარაუდს ამყარებს Netflix-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის აქციები 43%-ით დაეცა. კომპანიამ საბაზრო ღირებულებიდან $130 მილიარდი დაკარგა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში Netflix-ს წელიწადში საშუალოდ 26 მილიონი გამომწერი ემატებოდა. გასულ წელს კი, მათმა რიცხვმა მხოლოდ 18 მილიონი შეადგინა. ვარაუდობენ, რომ 2022 წელი ამ მხრივ Netflix-ისთვის უფრო წამგებიანი იქნება.
კომპანიის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ Netflix-ის განვითარების ტემპი შენელდა, თუმცა, ამის მიზეზს ვერ ასახელებენ. აღნიშნული ფაქტი კი ინვესტორებში დიდ გაურკვევლობასა და შეშფოთებას იწვევს.
როგორ მუშაობს Netflix-ის ბიზნესმოდელი
Netflix-ს ბევრი ძირითადი პარტნიორი ჰყავს. მათ შორის არიან მედიაპროდიუსერები და ტელევიზიის წარმომადგენლები.
Netflix მომხმარებელს აწვდის ხარისხიან გასართობ კონტენტს კვირაში 7 დღე – 24 საათის განმავლობაში. ხარისხის შესანარჩუნებლად Netflix დამატებით ინვესტიციებს დებს ტექნოლოგიებში.
Netflix-ის ძირითად რესურსებს, პლატფორმასთან, ვებგვერდთან და აპლიკაციასთან ერთად, ადამიანური და ციფრული რესურსები წარმოადგენს.
პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მისთვის სასურველი კონტენტი მიაწოდოს. Netflix-ის მიზანია, დააინტერესოს ფილმების, სერიალების, დოკუმენტური ჟანრისა თუ შოუების მოყვარული ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანი.

Netflix-ის განახლებული სტრატეგია
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და მისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, პლატფორმა უახლესი ტექნოლოგიებით განახლდა.
2021 წელს Netflix-მა გახსნა პირველი ონლაინმაღაზია. წელს კი მაღალტექნოლოგიური მაღაზიის გახსნას გეგმავს ტოკიოში, რომლის მიზანია „ვირტუალური სამყაროს შერწყმა რეალურ სამყაროსთან“. The Japan Times-ის ინფორმაციით, Netflix ახალ მაღაზიაში ბევრი ექსპერიმენტის განხორციელებას გეგმავს.
ამჟამად ონლაინმაღაზია მომხმარებელს სთავაზობს ნივთებს ფანების ფავორიტი შოუებიდან და სერიალებიდან.
„მოხარულნი ვართ, საყვარელ ისტორიებთან დასაკავშირებლად თაყვანისმცემლებს მივცეთ ახალი შესაძლებლობა“, − ნათქვამია Netflix-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხმარებლების შემცირების ფონზე კომპანია ვიდეოთამაშების მიმართულებით გააქტიურებას აანონსებს. Netflix გეგმავს, შექმნას საკუთარი თამაშები, რომლებზეც საბოლოოდ, შეიძლება ფილმები და შოუები გადაიღონ.
Bloomberg-ის ცნობით, Netflix ასევე, გეგმავს, აბონენტებს შესთავაზოს მობილური თამაშები რეკლამის გარეშე და ამისთვის არ მოითხოვს დამატებით საფასურს.
რა არის ის წამყვანი ტექნოლოგიები, რომელსაც 2022 წელს Netflix გვთავაზობს?
- 5G
- ხელოვნური ინტელექტი
- ხმოვანი ძიების ტექნოლოგია
- ვირტუალური რეალობა
- ხელმისაწვდომობა საიტებსა და მობილურ აპლიკაციაში.
მარტივი ძიებით, ხმოვანი ბოტებითა და უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერით კომპანია გვეუბნება, რომ პლატფორმა ორიენტირებულია მომხმარებელზე.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სტრატეგია მეტ მომხმარებელს შეინარჩუნებს და ახალ გამომწერებს მოიზიდავს.
აქამდე პლატფორმით სარგებლობისთვის მთელი წლით გამოწერა იყო საჭირო, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, Netflix-ის ამჟამინდელი მოდელი ფოკუსირებულია მარტივ სტრუქტურასა და დაბალ თვიურ ხარჯებზე. ამ შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ არა მთელი წლის, არამედ ყოველთვიური გამოწერის პაკეტი.
ახალი სტრატეგიის თანახმად, ძიების საშუალებით პირადი პრეფერენციების შეფასებით, პლატფორმა ქმნის რეკომენდაციებს, რომლებიც მომხმარებლების გემოვნებას შეესაბამება.
როგორ განვითარდება პროცესები წლის ბოლომდე, ამას დრო გვიჩვენებს. ამჟამად კი Netflix არის მსოფლიოში წამყვანი გასართობი სერვისი 222 მილიონი გამომწერით 190-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად $168 მილიარდია.
—