ილონ მასკი ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი. SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
2016 წელს Forbes-ის სიაში „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები“ ილონ მასკმა 24-ე ადგილი დაიკავა. 2021 წლის ნოემბრის თვეში მისმა შემოსავალმა 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც იქცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.
დაიბადა და გაიზარდა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კანადაში და სწავლა დაიწყო კუინზის უნივერსიტეტში. ორი წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში.
გარკვეული ხნის შემდეგ იგი გახდა კომპანია Zip2-ის თანადამფუძნებელი, რომელიც შეძენილი იქნა Compaq-ის მიერ 340 მილიონი დოლარად 1999 წელს. შემდეგში მან დააფუძნა X.com, რომელიც მოგვიანებით შეერწყა კომპანია Confinity-ის 2000 წელს, ხოლო მოგვიანებით დაერქვა PayPal და შეძენილი იქნა eBay-ის მიერ 1.5 მილიარდ დოლარად 2002 წელს.
კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებების ამერიკული კომპანია SpaceX-ის, რომლის მთავარი დიზაინერი თავად მასკია – მიზანია უფრო იაფად შეასრულოს ფრენები კოსმოსში, რაც საბოლოოდ NASA-ს მისცემს საშუალებას არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. მთავარი განსხვავება სხვა მსგავსი პროექტებისგან არის ის, რომ SpaceX-მა შეძლო დაემზადებინა ისეთი ხომალდები, რომელთა მოდულები ან თუნდაც მთლიანი ხომალდები დაუზიანებლად ბრუნდებიან მიწაზე და მათი გამოყენება ხელმეორედაა შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვნად აიაფებს კოსმოსში ფრენებს, რადგან ყოველ ჯერზე არაა საჭირო ხომალდის თავიდან აგება.
2006 წელს ილონ მასკმა მონაწილეობა მიიღო SolarCity-ის შექმნაში. SolarCity ილონ მასკის ერთ-ერთი პროექტია. მისი ბიზნეს გეგმა შედარებით განსხვავებულია სხვა მსგავსი კომპანიების ხედვისგან. ისინი უსასყიდლოდ ამონტაჟებენ საკუთარ მზის ელემენტებს სახლების სახურავზე და ამ სახლების მფლობელებს სთავაზობენ ელექტროენერგიას უფრო იაფად. 2016 წელს მასკმა სემ ოლტმენთან ერთად დააფუძნა OpenAI — არაკომერციული კვლევითი კომპანია, რომლის მიზანია “მეგობრული ხელოვნური ინტელექტის” განვითარება. მასკს ეკუთვნის უსწრაფესი სატრანსოპორტო სისტემის Hyperloop-ის [boringcompany.com] შექმნის იდეა. ასეთი “ლუპის” შექმნა ნიუ-იორკიდან – სან-ფრანცისკომდე 6 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ მანძილის დაფარვა “ლუპით” ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი.
მასკის განცხადებით, SpaceX, Tesla და SolarCity-ის მიზანია სამყაროსა და კაცობრიობის შეცვლა. მისი მიზანია აგრეთვე გლობალური დათბობის შემცირება და ადამიანთა გადაშენების რისკის შემცირება მარსის კოლონიზაციის მეშვეობით.