მასშტაბური რებრენდინგის ფარგლებში, Facebook-მა კორპორაციული სახელი შეიცვალა და Meta გახდა. თუმცა, მთავარი სიახლე ის არის, რომ საქმიანობის სფეროს აფართოებს და სოციალური ქსელის მიღმა, ვირტუალური რეალობის მიმართულებით აქტიურდება. სწორედ ამას უკავშირდება სახელის ცვლილება. როგორც თავად ამბობენ, “Meta“ უკეთ გადმოსცემს კომპანიის ახლანდელ არსს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება კორპორაციაში შემავალ პლატფორმებზე – Facebook, Instagram, Whatsapp – არ ვრცელდება და მხოლოდ მათ მფლობელ კომპანიას ეხება.
ახალ კორპორაციულ სახელთან ერთად, ახალი ლოგოც გამოჩნდა.
BBC წერს, რომ შესაძლოა, კორპორაციის ასეთი გადაწყვეტილება [მასშტაბური რებრენდინგი] იმ ნეგატიური ამბების სერიას მოჰყვა, როცა ყოფილმა თანამშრომლებმა შიდა დოკუმენტები გაასაჯაროვეს და კომპანიას ბრალდებები წაუყენეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ფრენსის ჰოგენი, რომლის მტკიცებითაც, Facebook-ის ხელმძღვანელობისთვის მოგება [თანამშრომელთა] უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანია.
„ჩვენი კომპანია, ამიერიდან, არის Meta“
Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა სახელის შეცვლის შესახებ ოფიციალურად მას შემდეგ ისაუბრა, რაც “metaverse“-ის („მეტასამყარო“), ანუ „ონლაინ სამყაროს“ შექმნაზე გააკეთა ოფიციალური განცხადება. მისი თქმით, ამ ახალ სივრცეში ადამიანები იმუშავებენ, ითამაშებენ და კომუნიკაცია ექნებათ ვირტუალურ გარემოში, VR ყურსასმენების საშუალებით.
რა არის metaverse, ანუ „მეტასამყარო“?
„ახლა ჩვენს ბიზნესს ორ განსხვავებულ სეგმენტად ვყოფთ. ერთი იქნება აპლიკაციების, მეორე კი მომავალი პლატფორმების განვითარების მიმართულება.
[ამიტომ], დროა, კომპანიის ახალი ბრენდი შეიქმნას, რომელიც იმ ყველაფერს [უფრო ზუსტად] ასახავს, რასაც ვაკეთებთ, [უკეთ] გამოხატავს, ვინ ვართ, ან რისი შექმნა გვსურს.
სიამაყით ვაცხადებ, რომ დღეიდან, ჩვენს კომპანიას ჰქვია meta“.
—
სრული სტატია – Marketer.ge