ფაქტია, რომ სწორად გადაღებული ფოტოები უკეთესად წარმოაჩენს ნივთს, რაც მალევე იწვევეს პოტენციური მყიდველის დაინტერესებას. კარგი ფოტოსურათები, ბევრად უფრო ძლიერად იპყრობენ მომხმარებელთა ყურადღებას, ვიდრე სიტყვები და ტექსტები. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, პროდუქტთან პირველ შეხებას თვალი ახდენს და ამის შემდეგ ხდება ტვინის მიერ, მისი აღქმა.
ხშირ შემთხვევაში ადამიანები ფიქრობენ, რომ ხარისხიანი ფოტოს გადაღებას, აუცილებლად ძვირადღირებული ტექნიკა და პროფესიონალი ფოტოგრაფი სჭირდება. სინამდვილეში კი კარგი ფოტოს გადაღება ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია, თუ რამდენიმე საჭირო რჩევას გავითვალისწინებთ.
განათება – სინათლე, ოთახის განათება იქნება ეს თუ მზის სხივები, არც ერთ შემთხვევეაში არ უნდა ხვდებოდეს კამერის ობიექტივს. ნივთი განათავსეთ ისე, რომ შუქი პირდაპირ მას ეცემოდეს. ამ შემთხვევაში, ფერები უფრო მკვეთრია და შუქი, ფოტოს საერთო კომპოზიციაში, წინ წამოწევს გასაყიდ ნივთს.
გარემო და ფონი – ნივთის გადაღება შესაძლებელია ერთგვაროვან ფონზე ან კომპოზიციურ გარემოში. ერთგვაროვან ფონზე გადაღების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგიდის ზედაპირი ან ლამაზი იატაკი. ამ დროს, კარგი სურათის მისაღებად, ნივთის გადაღება ხდება ზემოდან.
გადაღებისას, გაითვალისიწინეთ:
ა) ფონად შეარჩიეთ, ნივთისგან მაქსიმალურად განსხვავებული ფერის ზედაპირი;
ბ) ნივთი მოთავსებული უნდა იყოს ფოტოს ცენტრში;
გ) ფოტოს საერთო სივრცეს, მხოლოდ ჩვენ მიერ შერჩეული ფონი უნდა ავსებდეს;
კომპოზიციური გარემოს შესაქმნელად, შესაძლებელია გამოყენოთ ოთახის ნებისმიერი კუთხე, სკამი, თარო, სავარძლები და სხვადასხვა დამატებითი საგნები, რაც ხაზს გაუსვამს ნივთის თემატურობას. მაგალითად, წიგნის გადაღებისას დამატებით რეკვიზიტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინჯანი ყავა ან ოპტიკური სათვალე. კომპოზიციური გარემო, მეტწილად გამოიყენება, შედარებით დიდი ზომის ნივთების გადაღებისთვის. მაქსიმალურად ეცადეთ, კადრში არ მოხვდეს ზედმეტად განსხვავებული ფერის ნივთები, რაც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, უკეთესი ფოკუსირება მოახდინოს უშუალოდ გასაყიდ ობიექტზე.
გადაღებისას, გაითვალისწინეთ:
ა) საერთო კომპოზიციაში, ფოკუსი აუცილებლად გასწორებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გასაყიდ ნივთზე;
ბ) საერთო კომპოზიციის შესაქმნელად, გამოიყენეთ ორი ან სამი დამატებითი საგანი;
გ) ეცადეთ, გადასაღებ სივრცედ გამოიყენოთ, გასაყიდი ნივთის შესაბამისი გარემო. მაგალითად ნივთი, რომელიც უკავშირდება აბაზანას, გადაიღეთ აბაზანის გარემოში, სამზარეულოს ნივთები – სამზარეულოში, ავეჯი – შესაბამის ოთახში და ა.შ.
მანძილი კამერასა და გადასაღებ ნივთს შორის – ნივთის უკეთესად წარმოჩენისთვის, მნიშვნელოვანია რა მანძილიდან ვახდენთ მის გადაღებას. გადაღების მანძილის გამოთვლა თვალითაც შეგიძლიათ, რაც ნივთის ზომებიდან გამომდინარეობს. საჭირო მანძილის დასაჭერად, ნივთის სიგრძე გაამრავლეთ 2-ზე. ანუ, თუ ნივთის სიგრძეა 20 სმ, კამერა დაიჭირეთ ნივთიდან დაახლოებით 40 სმ-ზე და ა.შ.
გადაღებისას, გაითვალისიწინეთ:
ა) კადრში აუცილებლად უნდა ეტეოდეს ნივთი სრულად;
ბ) ეცადეთ, რომ ნივთის ზედა და ქვედა სივრცეები იყოს თანაბარი. მარჯვენა და მარცხენა სივრცეები შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი გემოვნებით;
გ) ნივთი არ უნდა იყოს მიბჯენილი ფოტოს კიდეებზე;
ზოგადი რჩევები ნივთების დასურათებისას:
– ნუ გამოიყენებთ მიახოლების რეჟიმს. დაზუმების ნაცვლად, ნივთთან მიაახლოვეთ უშუალოდ კამერა;
– ნუ გამოიყენებთ აპარატის ფლეშ განათებას პრიალა ზედაპირის მქონე ნივთებზე;
– მცირე ზომის ნივთების მასშტაბების წარმოსაჩენად, დამატებით რეკვიზიტებად გამოიყენეთ სხვადასხვა სტანდარტული ზომის ნივთები (მაგ. ფანქარი, კალამი, ასანთის კოლოფი და სხვ.) ან უბრალოდ ნივთს გვერდით დაუდეთ სახაზავი ზომის მაჩვენებლის მხრიდან;
– მნიშვნელოვანია სტაბილიზაცია. არ ამოძრაოთ ხელი გადაეღბისას და მის შემდეგ 2-3 წამის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვეეაში, შესაძლოა „გაიბლარული“ გამოსახულებას;
– გარეგადაღების დროს გაითვალისწინეთ, რომ უკეთესი ფოტოები გამოდის წვიმის, ქარის ან თოვის შემდეგ. ამ დროს, ჰაერი მტვრისგან იწმინდება, რაც ხელს უწყობს გამოსახულების სიმკვეთრეს.