უცბად რომ გკითხონ — რამდენი სელფი გადაგიღიათ ცხოვრებაში? რამდენ ათეულს დაასახელებდით? დიახ, საკუთარი თავის გადაღება საკმაოდ სასიამოვნო და მარტივი პროცესია, ამიტომ სურათების გადაღების ტრადიციულ ტექნიკებში „სელფი“ მოწინავე ადგილსაც იკავებს.
თუმცა ეს იქამდე ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ამ საკითხზე იმ პერიოდიდან შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა მხატვრებმა ავტოპორტრეტების ხატვა დაიწყეს, თუმცა მაშინ ეს ტერმინი არ არსებობდა, ისევე, როგორც 1839 წელს — როცა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, რობერტ კორნელიუსმა, ისტორიაში პირველი ავტოპორტრეტი გადაიღო.
ერთ დღესაც ფოტოგრაფი საოჯახო ჭაღების მაღაზიიდან გამოვიდა, „ლინზებიანი ყუთი“ დააყენა, ობიექტივს თავი ახადა, გაიქცა და სასურველი კადრის მისაღებად თითქმის 10 წუთი გაუნძრევლად იდგა. ამგვარად, ისტორიაში პირველი სელფიც გადაიღო.
170 წელზე მეტი ხნის შემდეგ კი, უკვე 2013 წელს, ოქსფორდის ლექსიკონმა სიტყვა „სელფი“ განსაზღვრა, როგორც „სურათი, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს სმარტფონის ან კამერის დახმარებით უღებს და შემდეგ სოციალურ პლატფორმებზე ათავსებს“. ამ ტერმინს საკმაოდ საინტერესო ისტორიაც აქვს — იგი ავსტრალიურად მიაჩნიათ, რაც ჰოპეის, მთვრალი ახალგაზრდა ბიჭის გახეთქილი ტუჩის სურათის დამსახურებაა. როგორც ამბობენ, სწორედ ავსტრალიელი ბიჭი იყო პირველი, ვინც სიტყვა „სელფი“ იმ ავტოპორტრეტის აღსაწერად გამოიყენა, რომელიც სიმთვრალეში გახეთქილი ტუჩის ფოტოს დაურთო.
პირველი სელფი სარკეში
ისიც მართალია, რომ სელფის გადაღების ტექნიკა, მხოლოდ კამერის დახმარებით არ შემოიფარგლება, ამისთვის ერთ-ერთი დამატებითი კომპონენტი სარკეცაა. თუმცა, თუ დღეს, ძირითადად ჩვენ კომპაქტურ სმარტფონებს ვიყენებთ, გასულ საუკუნეებში ამისთვის უზარმაზარ ფოტოაპარატებს იმარჯვებდნენ.
ხოლო თუ კომპანიის — kodak არქივს დავეყრდობით, პირველი სელფი სარკეში 1914 წელს პრინცესა ანასტასია ნიკოლაევნამ კამერით — Kodak Brownie გადაიღო. მან ფოტო მეგობარს შემდეგი წარწერით გაუგზავნა: „ეს სურათი სარკეში ჩემით გადავიღე, ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა“.
საინტერესოა ისიც, რომ პრინცესა ამ დროს მხოლოდ 13 წლის იყო და სწორედ ამიტომ, სურათი მოზარდის მიერ გადაღებულ პირველ სელფადაც ითვლება.
პირველი ჯგუფური სელფი
ხოლო, რადგან ადამიანებს ყველაფრის ერთმანეთთან გაზიარება გვიყვარს, პირველი ჯგუფური სელფის გადაღების ისტორიაც ჯერ კიდევ 1920 წლიდან იღებს სათავეს. ამ შემთხვევაში 5 მთავარი პერსონაჟი გვყავს, კონკრეტულად კი მანჰეტენში 1892 წლიდან არსებული ბაირონის კომპანიის მთავარი ფოტოგრაფები. როგორც ამბობენ, სელფის გადასაღებად კამერა ორ ადამიანს ეჭირა ხელში, რადგან იმ დროინდელი მოწყობილობები ერთისთვის საკმაოდ მძიმე იყო.
პირველი კოსმოსური სელფი
აღმოჩნდა, რომ სელფების ისტორია დედამიწასაც ცდება. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სელფი კოსმოსში ბაზ ოლდრინმა, ამერიკელმა ინჟინერმა და ასტრონავტმა გადაიღო. 1966 წელს კოსმოსური მისიის — Gemini XII დროს, როცა ოლდრინი ჯერ კიდევ ახალგაზრდა პილოტი იყო, მისიას უნდა დაემტკიცებინა, რომ ასტრონავტებს კოსმოსში მუშაობა შეეძლოთ… მან წარმატებით შეასრულა 2-საათიანი გასეირნება და დრო სელფის გადასაღებადაც კი დარჩა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველი კოსმოსური სელფის ავტორობის გარდა, ნილ არმსტრონგის შემდეგ, ბაზ ოლდრინი მეორე ადამიანი იყო, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა…
პირველი ქართული სელფი
საქართველოში კი პირველი სელფი მე-19 საუკუნის ბოლოს გადაიღეს. დიახ, ესეც მანამდე მოხდა, სანამ კონკრეტული სახელი დაერქმეოდა. პირველი ქართული სელფი ქართველ პუბლიცისტსა და მეცნიერს ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის.
—
სტატია სრულად – Marketer.ge