ბოლო კვირებია, წლის კულმინაციას ორი მოვლენით: Spotlight-ითა და ახალი წლით ვსახავდი. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ჩვენთვის საახალწლო სამზადისს სფოთლაითის სამზადისი არაფრით ჩამოუვარდებოდა. სწორედ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გიჟური გრაფიკით ვწერდით რესპონდენტებს, ვცდილობდით, მათ სულებსა და გულებში ჩაგვეხედა, ვმასპინძლობდით და ვსტუმრობდით სფოთლაითის კვირეულის საღამოებს, ვისმენდით სხვადასხვაგვარ შთამაგონებელ ფრაზებსა და გამოცდილებებს და მოლოდინგამძაფრებულები 15 დეკემბრამდე დღეებს ვითვლიდით.
ყველაფერ ამას ჩვენ ერთად ვაკეთებდით და, რაც მთავარია, ვაკეთებდით ერთიანობისთვის. ერთიანობა ხომ ზუსტად ისაა, რასაც ბოლოს დიდ გამარჯვებამდე მიჰყავხარ. ჰოდა, სფოთლაითის სახით უკვე მეშვიდე წელია, ვიმარჯვებთ და წელს ამ გამარჯვებაში სწორედ მისი თემატიკა: ერთიანობა დაგვეხმარა. “ძალა ერთობაშია და არა ერთნაირობაში,” – ეს ფრაზა ჩვენი მხრიდან უკვე ბევრჯერ გაჟღერდა, თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ ის სულ მუდამ უნდა გვახსოვდეს, ისევე როგორც მისი მთქმელი – ნიკა გუჯეჯიანი.
წელთაღრიცხვის რა მოგახსენოთ და აი ეს დღეთაღრიცხვის დღე, როგორც იქნა, დადგა. დადგა მთელი თავისი დიდებულებით და ასობით სტუმარი რადისონის დარბაზში შეკრიბა.. სფოთლაითის შესავალს თან დაერთო ერთგვარი მოტივაციაც: სტუმრებიდან საუკეთესო კონტენტის ავტორს, რომელიც სოციალურ ქსელში სფოთლაითთან დაკავშირებულ პოსტს გააზიარებდა ჰეშთეგით #Spotlight2019, საჩუქრად Spotlight2020-ის ბილეთს მიიღებდა. მისი ვინაობა ჯერ არ ვიცით, თუმცა წინასწარ ვულოცავთ ამ მშვენიერ გამარჯვებას.
და რა შეიძლებოდა, ყოფილიყო Spotlight 2019-ის უკეთესი დასაწყისი, ვიდრე სოციალური მედიის მომავალზე ფიქრი და სჯა-ბაასი იყო?! საბა ჩიხლაძემ, მირიან ჯუღელმა, გიორგი დანელიამ და პავლე გაბრიჭიძემ ამ ვირტუალური სივრცისთვის დამახასიათებელ დღევანდელ ტენდენციებზე ისაუბრეს და გვითხრეს, რომ სულ მალე პოსტების რეკლამაში ჩაშვება აღარ იქნება აქტუალური და რომ ნელ-ნელა იქმნება და შეიქმნება დიდი, კონკრეტულ საკითხზე/ფილოსოფიაზე მორგებული ჯგუფები. ასევე, გავიგეთ ისიც, რომ წელს, ფეისბუკს 5 მლრდ-ზე მეტი ფეიკ ექაუნთი წაუშლია.
“ყველა ბრენდს აქვს თავისი ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც ეს ბრენდი შექმნის დიდ ჯგუფს და ყველა ამ ფილოსოფიით დაინტერესებულ პირს გააერთიანებს.”
სანამ ვანო საგინაშვილი, აკაკი რაზმაძე, გვანცა ჩიჯავაძე და რუსლან ბერიძე გრაფიკული დიზაინის ბედზე გვესაუბრებოდნენ, ამასობაში დათო საბეკია მესამე ოთახში აუდიტორიას იმის შესახებ უყვებოდა, თუ სად და როგორ გაჩნდა Fake News-ები..
“Fake News-ებში ყველაზე კარგი კონტენტი, ჩემი აზრით, დასავლეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ კორეაშია – დასავლეთში გვჯერა, თითქოს, ჩრ. კორეელებს მათი ლიდერი ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონი ჰქონიათ, რაც არ არის სიმათლე. ეს განგებ ვრცელდება იუმორით. ამ დროს კი, ჩრდილოეთ კორეაში ფიქრობენ, რომ მათი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონია კალათბურთში, ფეხბურთში და ა.შ. რაც, ასევე, Fake News არის.”
სემი კოენი აუდიტორიას უმტკიცებდა, რომ ჩვენ ყველა სრულყოფილები ვართ, თუმცა ეს არ ვიცით.. ამავდროულად, თამთა კალანდაძე მეოთხე ოთახში დამსწრეებს ერთლარიან მარკეტინგზე ესაუბრებოდა.
და თურმე, იცით, როდის შეიძლება, რომ მარკეტინგი ერთი ლარი გვიჯდებოდეს? როცა უბრალოდ იმდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობთ, რომ იგი ყველას დააინტერესებს. სწორედ ასეთ დროს ჩვენ არაფრის გადახდა არ გვიწევს..
ყველაფერ ამას მოჰყვა შემდეგი პანელი, სახელწოდებით “მარკეტინგის რა ბრალია?!”, რომლის ფარგლებშიც სპიკერებმა: თინათინ სტამბოლიშვილმა, სალომე ჟვანიამ, ლექსო გუგავამ და პავლე გაბრიჭიძემ სექსისტურ რეკლამებზე ისაუბრეს.
“სააგენტოებს უნდა შეგვრცხვეს სექსისტური რეკლამის შეთავაზებისა და გადაღების.”
სწორედ ამ დროს დაიწყო MOVEMENT-ის შემქმნელების, ანანო ბაკურაძისა და ეკა ქადაგიშვილის ვორქშოპიც, რომლებმაც თავიდანვე გაგვიზიარეს, რომ ძალიან ნერვიულობდნენ, თუმცა, მგონი რომ, ამის მიუხედავად, მშვენიერი “გამოსვლა” ჰქონდათ..
გარდა იმისა, რომ მათ ჩვენს ჩანთებში ჩახედვისკენ და ნივთებთან ასოცირებული ისტორიების გახსენებისკენ მოგვიწოდეს, ექსპერიმენტიც ჩაატარეს, რომელსაც გონებაში “ამბის თხრობა მუსიკით” დავარქვი. ეკამ და ანანომ მუსიკალურ ვაკუუმში მოგვაქციეს და გვითხრეს, რომ თვალები დაგვეხუჭა – იმ ადამიანებზე გვეფიქრა, რომლებიც ჩვენთან რაღაც მიზეზების გამო ვეღარ არიან. მუსიკა მუსიკად, ემოციები ემოციებად – ექსპერიმენტი შედგა.
სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა პანელი, სახელწოდებით “რა გვყოფს და რა გვაერთიანებს”, რომლის ფარგლებშიც სოფო მუსერიძე, ნინო რუხაძე, დავით გოგიჩაიშვილი, მერაბ ჭითანავა და სოფო ბალავაძე საზოგადოებაში საერთო დეტალების ხაზგასმას შეეცადნენ.
“ღირებულება ყველაზე მნიშვნელოვანია, რის გარშემოც ადამიანები შეიძლება გაერთიანდნენ,” – ნინო რუხაძე.
განსხვავებულობა ძალიან მაგარია. ყველანაირი კომპლიმენტის სათავე ხომ სწორედ განსხავავებულობაა. მე ხომ არ ვიტყვი: “ანა, რა ჩვეულებრივად გამოიყურები,” – დავით გოგიჩაიშვილი.
და, აი, ჯერი დადგა ანდრო დგებუაძეზე, რომელმაც ერთობისა და ორობის იდეაზე არამხოლოდ მარკეტინგში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში დაგვაფიქრა – 45 წუთიანი ნარატივით ცოტა ხნით (ვინ იცის, დიდი ხნითაც..) ტვინი სრულიად ამოგვიტრიალა და ერთიანობის იდეას ფილოსოფიურად შეგვახედა.
ანდრომ თქვა, რომ ინდურ ფილოსოფიაში არსებობს ამგვარი ფრაზა: “მე ის ვარ” და იცით, ეს რას ნიშნავს? რომ რასაც/ვისაც შევხედავთ, თუკი სულ ოდნავ მაინც ვიცნობთ მას, ჩვენ ის გვიყვარს და მასში საკუთარ თავს ვპოულობთ. და იცით, რას ქმნის ეს ყველაფერი? ერთიანობას..
ყველაფერ ამას მოჰყვა არჩილ გაჩეჩილაძისა და აკო ახალაიას პანელი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო გუნდისთვის მოტივაციის გაღვივებაზე ისაუბრა.
პანელ დისკუსიები “კაცების” გამოსვლამ დააგვირგვინა, რომლებმაც განგვიცხადეს, რომ ძალა ერთიანობაშია და აგერ სამნი მოვედითო. ყველაფერი ლაბაძის მონოლოგით დაიწყო – წინა სფოთლაითზე უზრდელი სიტყვა ვთქვიო – გამიზნულად, თუ არაგამიზნულად, უნებლიეთ თუ ნებლიეთ, ტექსტში შემომაპარეს თუ რა იყო არ ვიციო.. “ჯანელამ” არ გვაწყენინა და ვიდეოთი ჩაგვერთო.. აი, ირაკლი ვახტანგიშვილმა კი 2500-იანი წლების თაობას წერილი დაუწერა და ურჩია, რომ თუ რუს მგზავრთან ერთად მოხვდებით ტრანსპორტში, გორთან სკამი მიუჩოჩეთ, რომ მიხვდნენ მცოცავი ოკუპაცია რა არისო. ამასობაში კი, მომავალ თაობებს სელფიც დაუტოვეს..
სფოთლაითის პირველი ნაწილის უმთავრესი მომენტი იყო “უდიპლომო არტ დირექტორის”, გიორგი პოპიაშვილის მიერ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსის გაჟღერება – რომ ქართულ Miami Ad School-ში სწავლება აპრილის დასაწყისში დაიწყება და სკოლა აპლიკაციებს 2020 წლის იანვრიდან მიიღებს.
სფოთლაითის პირველი ნაწილი დასრულდა და, ამასობაში, შევეცადეთ, დაგვედგინა, თუ რა აზრის იყვნენ სტუმრები ერთიანობაზე..
საკმაოდ დიდმა შესვენებამ, საშუალება მოგვცა, დაგვესვენა, გონებრივი რესურსი აღგვედგინა და სფოთლაითის მეორე ნაწილისთვის – ინსპირაციული გამოსვლებისთვის მოვმზადებულიყავით. თავდაპირველი სფოთლაითები მხოლოდ ამ ნაწილისგან შედგებოდა. შემდეგ უკვე, დროთა განმავლობაში დაემატა პანელ-დისკუსიები და ვორქშოპები..
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ გადავალ ამ ნაწილის პირველ სპიკერზე, ბექა ადამაშვილზე და, ალბათ, გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მის გამოსვლას ყველა ძალიან ველოდით. მოლოდინმა კი არ გაამართლა, არამედ გადააჭარბა! ბექამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცეცხლი დაანთო სცენაზე და მსოფლიოში თუ არა, საქართველოში მაინც, ყველაზე არაინსპირაციული გამოსვლის ავტორი გახდა.
“იმისთვის, რომ შევცვალოთ სამყარო ან მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა, გვჭირდება ერთიანობა. ერთიანობის მეშვეობით ყველაფერს მივაღწევთ, ოღონდ თვითონ ერთიანობის მისაღწევად გვჭირდება გრძელი ჭოკი, რომლითაც საკუთარ ეგოებს გადავახტებით.”
შემდეგ უკვე ქეთო ბარაბაძემ წარმოსახვით ერთიანობაზე მოგვიყვა, თაკო ჭაბუკიანმა კი დაბინძურებაზე ისაუბრა – ცუდი დიზაინებით დაბინძურებაზე..
გვანცა დათუაშვილმა ხიდჩატეხილობის პრობლემაზე ისაუბრა ქართულ მარკეტინგში და იცით რა რჩევა მოგვცა? აი, ფოტოზე წერია:
მას მოჰყვა ლადო მალაზონიას გამოსვლა, რომელმაც საკმაოდ დაგვამძიმა იმ ამბით, რომ გერმანიაში არსებულ სააგენტოში 18 სტრატეგი ჰყავთ და საქართველოში ერთად ამდენი სტრატეგი სულ არ არისო.. ამის შემდეგ კი სცენა სანდრო გაბილაიას დაეთმო: