პლატფორმა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ელექტრონული კომერციის განვითარებას.
დღევანდელ სამყაროში მარკეტინგი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. სტატიაში მოცემული განვითარებადი ტენდენციები კი, რომლებიც უშუალოდ Instagram-ის პლატფორმას უკავშირდება, თქვენი მარკეტინგული გეგმებისთვის იდეალურია.
#1: ფასიანი მარკეტინგული პარტნიორობა
უკვე დიდი ხანია, Instagram პოპულარული გავლენიანი მარკეტინგული პლატფორმაა. მასში ჩაშენებული ფასიანი პარტნიორობის ინსტრუმენტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ადვილად მონიშნონ დაფინანსებული კონტენტი. შედეგად, გავლენიანი მარკეტინგი არ საჭიროებს მესამე მხარის ჩართულობას და შეუძლია, ისეთი ურთიერთობების განვითარებას შეუწყოს ხელი, რომლებიც ბრენდის გრძელვადიან ზრდას განაპირობებს.
კონტენტის შემქმნელი
2021 წლის ოქტომბერში ინსტაგრამმა ავტორებზე ორიენტირებული ინსტრუმენტების სერიის დანერგვა დაიწყო. მაგალითად, ამჟამად პლატფორმა პირადი შეტყობინებების (DM) საქაღალდეს ტესტავს პარტნიორებისთვის.
ასევე, საგულისხმოა Preferred Brands ფუნქცია, რომელიც კონტენტის შემქმნელებს საშუალებას აძლევს, თანამშრომლობისთვის სასურველი კომპანიები ჩამოთვალონ. როდესაც სხვადასხვა ბრენდი პოტენციურ პარტნიორების მოძებნას დაიწყებს, ისინი პრიორიტეტს უფრო პოპულარულ პირებს მიანიჭებენ, რათა თავიანთი მარკეტინგული პროგრამები გააუმჯობესონ. სავარაუდოდ, ეს მახასიათებელი მეტად გაამარტივებს პარტნიორობის პროცესს.
გარდა ამისა, ნებისმიერ ბრენდს უფლება აქვს, შემქმნელის მიერ შერჩეული, ტეგირებული კონტენტი თავის სარეკლამო მასალაში ხელახლა გამოიყენოს. თუ ცდილობთ, თქვენს კომპანიას მეტი ავთენტურობა შესძინოთ, ეს ინსტრუმენტი ნამდვილად დაგეხმარებათ.
ინსტაგრამის თანამშრომლობის ფუნქცია
შესაძლოა, თანამშრომლობითი პოსტები სასარგებლო იყოს ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და განვითარების კუთხით. ეს ფუნქცია 2021 წლის ოქტომბრიდან გახდა ხელმისაწვდომი — შედეგად, შეგიძლიათ, კოლაბორატორი ნებისმიერ არხზე დაამატოთ.
ინსტაგრამის შვილობილი პროგრამა
ასევე, მიმდინარე წლის ოქტომბერში დანერგილი მახასიათებელი საშუალებას გაძლევთ, პლატფორმაზე შვილობილი მაღაზიები შექმნათ. ყოველ შენაძენზე კი შესაბამის საკომისიოს მიიღებთ. ეს სარგებელს მოუტანს როგორც კონტენტის შემქმნელებს, ისე ბრენდებს — თითოეულ მათგანი გამოიმუშავებს დამატებით შემოსავალს და გაზრდის ინვესტიციებს.
გარდა ამისა, ამ საკუთრების პროგრამას შეუძლია, მესამე მხარის შვილობილი პროგრამის საჭიროება გააქროს. ეს კი მნიშვნელოვნად გაამარტივებს პარტნიორობის პროცესებს.
#2: სამომხმარებლო მარკეტინგის კონტენტი
ბრენდებისთვის ავთენტურ შინაარსს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მომხმარებელთა დიდი პროცენტი თვლის, რომ ავთენტურობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია, როდესაც არჩევანი რამდენიმე ბრენდს შორის უნდა გაკეთდეს. თუმცა მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელი აღიქვამს ბრენდირებულ კონტენტს ავთენტურობად. ამიტომაც, აუცილებელია ბიზნესის გარეთ კონტრიბუტორების მოძიებაც.
ცხადია, ინფლუენსერების გამოყენება მეტ ავთენტურობას სძენს თქვენს არხს. ასევე, შეგიძლიათ, მოძებნოთ მომხმარებლის გენერირებული კონტენტი (UGC), რომელიც შექმნილია გულშემატკივრებისა და მომხმარებლების მიერ. თანდათანობით ეს უკანასკნელი თქვენი ინსტაგრამის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გახდება.
ინსტაგრამზე თეგისა და ჰეშთეგის ფუნქციების წყალობით, მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსის პოვნა შედარებით მარტივია. მომხმარებლის გენერირებული კონტენტის შესაგროვებლად, შეგიძლიათ მოძებნოთ კონტენტი, რომელზეც ავტორებმა თქვენი ბრენდი მონიშნეს. ალტერნატიულად, შეგიძლიათ შექმნათ ბრენდირებული ჰეშთეგი, რომელსაც მომხმარებლები თავიანთი კონტენტის გასაზიარებლად გამოიყენებენ.
#3: ლაივ შოპინგი ინსტაგრამზე
რაც შეეხება ელექტრონული კომერციის ინსტრუმენტებს, შვილობილი მაღაზიები მხოლოდ დასაწყისია ახალი შეთავაზებებისა. პლატფორმის მაღაზიის ფუნქციით, თქვენს ბრენდს შეუძლია შექმნას ციფრული ვიტრინა პირდაპირ აპლიკაციაში. შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ საყიდლების სტიკერები თქვენს ისტორიებს, ან მონიშნოთ პროდუქტები და კოლექციები.
შოპინგი უფრო ინტერაქციული რომ გახდეს, ბიზნესებს, რომლებსაც ინსტაგრამის მაღაზია აქვს, შეუძლია, ლაივ შოპინგის ღონისძიებებსაც უმასპინძლოს. აშკარაა, პირდაპირი სტრიმინგის დროს უფრო მიმზიდველი შთაბეჭდილება უჩნდება მომხმარებელს. არჩეული Live Shopping Events ავტომატურად გამოჩნდება Instagram-ის სავაჭრო პორტალის Live Streaming ჩანართში.
#4: ინსტაგრამის ვიდეოები ყველგან არის
ინსტაგრამის კონტენტის უდიდეს ნაწილს ვიდეოები შეადგენს. ამ დრომდე მომხმარებლებს მკაცრად გაწერილი დროის დაცვა უწევდათ — 60 წამი ჩვეულებრივი ვიდეოსთვის და 15 წუთი – IGTV-სთვის. ახლა კი ყველა ანგარიშს შეეძლება 60 წუთი ხანგრძლივობის ვიდეოების შექმნა. ამრიგად, პლატფორმა მეტ სივრცეს გიტოვებთ კრეატიულობისთვის…
ამასთანავე, ვიდეო კონტენტში სესაძლებელია პროდუქტების მონიშვნა, პარტნიორების თეგების დამატება ან კოლაბორანტების მითითება. ამ გზით მომხმარებლებს მეტად გაუადვილდებათ რაიმეს შეძენა და ბრენდის გამჭვირვალობაც უფრო გაიზრდება.
გაითვალისწინეთ, დაფინანსებული ვიდეოს შესაქმნელად გადადით Facebook Ads Manager-ზე. შექმენით ახალი კამპანია და აირჩიეთ რეკლამის განთავსება. მონიშნეთ Reels და დააყენეთ თქვენი მიზნობრივი პარამეტრები. შემდეგ ატვირთეთ ვიდეო (30 წამამდე) ან გამოიყენეთ ხელმისაწვდომი შაბლონები ახლის შესაქმნელად.
ბონუსი: ინსტაგრამის მარკეტინგის 2 ახალი ფუნქცია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
Instagram Drops
Instagram Drops კონტენტის შემქმნელებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და ონლაინ საზოგადოებაში ინტერესი დანერგონ, ვიდრე უშუალოდ დაიწყებენ რაიმე პროდუქტის გაყიდვას. ამასთანავე, იგი ახალი მომხმარებლების აღმოჩენასა თუ მოზიდვაში დაგეხმარებათ. პირდაპირი შესყიდვების მსგავსად, ამ ფუნქციასაც ცალკე ჩანართი აქვს ინსტაგრამის სავაჭრო პორტალზე.
ბმულის ჩასმა და სტიკერების დამატება Instagram Stories-ზე
ინსტაგრამი არასოდეს გამოირჩეოდა ბმულების ჩასმის შესაძლებლობებით, თუმცა, შესაძლოა, ეს მალე შეიცვალოს. ამ დრომდე ე. წ. “სთორიზე” ბმულების ჩასმა 1000-ზე მეტი გამომწერის მქონე ან ოფიციალურ ანგარიშებს შეეძლო… ახლა კი ნებისმიერ ანგარიშს აქვს შესაძლებლობა, სტიკერების კატეგორიიდან დაამატოს ბმული. მომხმარებლის მიერ შეყვანილი URL ავტომატურად იტვირთება ინსტაგრამის აპლიკაციაში.
—
სრული სტატია – Marketer.ge