MobED-ის მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ს აღწევს
მომავალი წლის CES ღონისძიებისთვის Hyundai-მ წარადგინა Mobile Eccentric Droid (MobED) — ოთხბორბლიანი მოტოციკლი, რომელიც სხვადასხვა ნივთის სახლში წაღებაში დაგეხმარებათ. კომპანიამ ეს რობოტი რეგულირებადი ბორბლებით და მოქნილი საჭით აღჭურვა. შედეგად, მოწყობილობა ნებისმიერ რთულ მარშრუტსა და არათანაბარ ზედაპირს უმკლავდება.
როგორც ცნობილია, MobED სამი ძრავით იკვებება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ს აღწევს. ის 67 სმ. სიგრძის და 60 სმ. სიგანისაა, ხოლო სიმაღლე 33 სანტიმეტრია. იქიდან გამომდინარე, რომ რობოტის წონა 50 კილოგრამია, იგი არც თუ ისე პორტატიულია. თუმცა ბორბლის ბაზა შეიძლება, 45 სანტიმეტრამდე შემცირდეს ან პირიქით, 65 სმ-მდე გაიზარდოს, რათა უფრო რთული მანევრირების საშუალება მიეცეს მომხმარებელს.
ვინაიდან, მოწყობილობას ბრტყელი ზედაპირი აქვს, მას თითქმის ყველანაირი ნივთის ტრანსპორტირება შეუძლია. ამასთან, Hyundai-ის მიერ შემუშავებული დიზაინი საკმაოდ უჩვეულო და შთამბეჭდავია. ბრენდი იმასაც კი ვარაუდობს, რომ მისი რობოტი კოქტეილის ჭიქების თუ ბავშვის ეტლის ტარებაზეც კი იზრუნებს.
მოკლედ რომ შევაფასოთ, რობოტი, შესაძლოა, დიდ სივრცეებში გამოვიყენოთ, როგორიცაა სტადიონები, საგამოფენო მოედნები ან, თუნდაც აეროპორტები, სადაც ნივთების სწრაფი ტრანსპორტირებაა საჭირო.
—
სტატიის ავტორი – Marketer.ge