ტექნოლოგიური მეწარმე და ინვესტორი. კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი, აქციონერი და გამგეობის თავმჯდომარე. ის იკავებს მესამე ადგილს Forbes Kazakhstan-ის რეიტინგში, როგორც “ყაზახეთის 50 უმდიდრესი ბიზნესმენი” და მეათე ადგილს რეიტინგში “ყაზახეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები”.
მიხეილ ლომთაძე 1975 წელს ბათუმში დაიბადა. მან ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.
მან ბიზნესმოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, სადაც კონსალტინგური კომპანია “ჯი-სი-ჯი აუდიტი” დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს კი ეს კომპანია “ერსტ ენდ იანგის” შემადგენელი ნაწილი გახდა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული აუდიტორული და კონსალტინგური კომპანიაა.
2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ რუსეთში, “ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსში” დაიწყო საქმიანობა, სადაც საინვესტიციო პროექტების მენეჯერის პოსტი დაიკავა, 2004 წლიდან კი ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა. 2003-2005 წლებში იყო ვენჩურული ინვესტირების რუსული ასოციაციის თავმჯდომარე. 2003 წლიდან ლომთაძე რუსეთის წამყვანი ლიზინგური კომპანია, “ეუროპლანის” დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი მისი თავმჯდომარე გახდა, ხოლო 2005 წლიდან – საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანია, “ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის” დირექტორთა საბჭოს წევრი.
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდა. Forbes-ი წერს, რომ ყაზახური კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე მილიარდერები კომპანიის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად გახდნენ. მიხეილ ლომთაძის ქონება კომპანიის საჯარო განთავსების შემდეგ თავდაპირველად $3.8 მილიარდ დოლარად შეფასდა. თავად Kaspi-მ 2019 წელს შემოსავლის სახით $1.3 მილიარდი დოლარი მიიღო, იმავე წელს მისი წმინდა მოგება $515 მილიონი დოლარი იყო. 2020 წლის პირველ ნახევარში კი ჯგუფმა $740 მილიონის შემოსავალი და $286 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა.
Kaspi საგადასახადო და ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
Kaspi მომხმარებელს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ “იყიდე ახლა – გადაიხადე შემდგომ” ოპერაციები.