TikTok-მა სადღესასწაულო საჩუქრის სახით კონტენტის შემქმნელებისთვის რამდენიმე სიახლე დანერგა. კერძოდ, პლატფორმამ Creator Next წარადგინა — ერთიანი კერა ყველა პლატფორმის მონეტიზაციის ხელსაწყოებისთვის. ასევე, განაახლა ზოგიერთი არსებული ფუნქცია.
Creator Next-ის მეშვეობით, ახალი და არსებული ფუნქციების განბლოკვაა შესაძლებელი. ამასთანავე, Creator Next-ის ნაწილის სახით დაინერგა მონეტიზაციასთან დაკავშირებული რჩევები და ვიდეო საჩუქრები.
გარდა ამისა, პლატფორმა კონტენტის შემქმნელებს საშუალებას მისცემს, ფანებისგან ფული TikTok LIVE სტრიმინგების გარეთ მიიღონ. ამ ფუნქციის გამოყენება მხოლოდ მათთვის შეიძლება, ვისაც მინიმუმ 100 000 გამომწერი ჰყავს. მათ ე. წ. Tips ღილაკი გადაეცემათ — გამომწერები სწორედ ამ ღილაკზე ხელის დაჭერით შეძლებენ მათთვის პირდაპირი გადახდის გაგზავნას. თანაც, კონტენტის შემქმნელების მიერ მიღებულ თანხას პლატფორმა არანაირ პროცენტს არ აჭრის. ეს გადახდები Stripe-ის მიერ მუშავდება, რაც ავტორებს საშუალებას აძლევს, შემოსავლები საკმაოდ მარტივად მართონ.
ამასთანავე, კომპანია აფართოებს Live Gifts ფუნქციას. მის მეშვეობით, მაყურებელს შეუძლია, კონკრეტულ კონტენტის შემქმნელს ბრილიანტები აჩუქოს. ეს არის ვირტუალური ვალუტა, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციის დროს ნაღდ ფულში გადაიცვლება.
—
სრული სტატია – Marketer.ge