მაღალი უძრავი ქონება, კერძოდ ცათამბჯენი ყოველთვის დაკავშირებულია, როგორც სიმაღლესთან, ასევე ტექნოლოგიასთან და იმ შთაბეჭდილებასთან, რასაც ასეთი მასშტაბური შენობები ტოვებენ. თუმცა „ცათამბჯენი“ (Skyscraper) როგორც ტერმინი, ერთ კონკრეტულ მეტრაჟზე არ არის მიბმული — ის დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თავდაპირველად ეს სიტყვა გემის მაღალ ანძებს აღნიშნავდა, მოგვიანებით კი ქალაქებში ყველაზე მაღალი შენობების აღსაწერად დამკვიდრდა.
უყურე ვიდეოს და გამოიწერე YouTube არხი:
დღეს სპეციალისტების ნაწილი ცათამბჯენად 150 მეტრზე მაღალ შენობას მიიჩნევს. საერთაშორისო ორგანიზაცია Council on Tall Buildings and Urban Habitat (CTBUH) კი უფრო დეტალურად განსაზღვრავს კატეგორიებს: 300 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობა „სუპერმაღალი ცათამბჯენია“, ხოლო 600 მეტრზე მეტი — „მეგამაღალი“.
პირველი ცათამბჯენი მსოფლიოში
მსოფლიოში პირველი ოფიციალური ცათამბჯენი იყო Home Insurance Building, რომელიც 1885 წელს ჩიკაგოში აშენდა. ის მხოლოდ 10 სართულს მოიცავდა და 42 მეტრი სიმაღლის იყო, თუმცა მისი მნიშვნელობა ფოლადის კარკასის ინოვაციურ გამოყენებაში მდგომარეობდა. ეს ტექნოლოგია შესაძლებელს ხდიდა უფრო მაღალი და მსუბუქი შენობების აშენებას. 1931 წელს აღნიშნული შენობა დაანგრიეს და მის ადგილზე უფრო მაღალი — Field Building (163 მ) აშენდა.
დღეს მსოფლიოს, გამორჩეული უძრავი ქონება, მათ შორის ყველაზე მაღალი შენობა დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფა — 828 მეტრის სიმაღლითა და 163 სართულით. შედარებისთვის, თბილისში პარლამენტიდან რედისონამდე მანძილი დაახლოებით 850 მეტრია, ანუ ბურჯ ხალიფას „დაწვენა“ რუსთაველის ნახევარზე მეტს დაიკავებდა.
ყველაზე მაღალი შენობები საქართველოში
ამ ეტაპზე, საქართველოს ყველაზე მაღალი ნაგებობაა თბილისის სატელევიზიო ანძა — 275 მეტრი. თუმცა ეს არის ტექნიკური დანიშნულების კონსტრუქცია.
შენობებიდან კი ყველაზე მაღალია ბათუმი თაუერი (Le Méridien Hotel) — 205 მეტრი. ბათუმში თავმოყრილია 150 მეტრზე მაღალი სხვა ცათამბჯენებიც:
- „ალიანს ფრივილიჯი“ – 182 მ (53 სართული)
- „პროტა ბათუმი თაუერი“ – 164 მ
- „ორბის კომპლექსი (Orbi City)“ – 160 მ
თბილისის TOP 5 მაღალი უძრავი ქონება
თბილისში სიმაღლის მიხედვით TOP ხუთეული ასე გამოიყურება:
- King David Residences – 110 მ, 32 სართული (2017)
- Biltmore Hotel Tbilisi – 130 მ, 32 სართული (2016)
- Alliance Highline Tower 2 – 117 მ, 35 სართული (2023)
- Alliance Highline Tower 1 – 141 მ, 40 სართული (2023)
- Axis Towers – 147 მ, 37 სართული თითოეულში (2019)
პირველი ცათამბჯენი საქართველოში და უძრავი ქონება 30-იან წლებში
თუ ვსაუბრობთ პირველ შენობაზე, რომელსაც „ცათამბჯენი“ უწოდეს, ეს იყო გმირთა მოედნის მიმდებარე 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლი (1939), რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღწევდა. თუმცა, ოფიციალურად პირველ ცათამბჯენად საქართველოში ითვლება სასტუმრო „ივერია“ — დღევანდელი Radisson Blu. მისი მშენებლობა 1967 წელს დაიწყო და 1969-ში დასრულდა. 22 სართულიანი, 80-მეტრიანი შენობა იმ დროისთვის უნიკალური იყო და თბილისისთვის პრესტიჟის სიმბოლოდაც იქცა. შემდგომ წლებში კი იგი დევნილთა თავშესაფრადაც იქცა, ვიდრე 2009 წელს „რედისონ ბლუ“ გახდებოდა.
ცათამბჯენები ტექნოლოგიური პროგრესის, ეკონომიკური ზრდისა და ურბანული განვითარების სიმბოლოა. თუ ოდესღაც 40 მეტრიან სახლსაც „ცათამბჯენს“ ვეძახდით, დღეს 200-მეტრიან შენობებს ვხედავთ ბათუმში და 147-მეტრიანს თბილისში. საქართველოს ცათამბჯენები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ტენდენცია ნათელია — მომავალში უფრო და უფრო მაღალი ნაგებობები შეავსებს ჩვენს ქალაქებს.